Civics and Technologies through English Language (CTEL 2)- „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL II)


ორგანიზაცია PH International-ის საქართველოს ოფისმა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო აშშ-საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და  ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL II)  ორ ახალ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში განხორციელება. შეგახსენებთ, რომ პროგრამა 2016 წელს დაიწყო ორ საპილოტე რეგიონში კახეთსა და აჭარაში და მისი მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგთა ინგლისური ენის ცოდნა, და ხელი შეუწყოს სკოლებში ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების პრაქტიკის დანერგვა-გაუმჯობესებას.
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ცენტრმა (ELC), რომელიც ორგანიზაცია PH International-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ამ პროგრამის ფარგლებში, ზრდასრულთა განათლებისა და პედაგოგიკის პრინციპებზე დაყრდნობით შეიმუშავა ინგლისური ენის შესწავლის კურიკულუმი სამოქალაქო განათლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგთათვის. მოცემული კურსის სათანადო დონეზე წასაყვანად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სპეციალური პროგრამების აკადემიური კოორდინატორი გაწვრთნის ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ  დაფინანსებული პროგრამების ELCE I/II და ICTE I/II ოთხ კურსდამთავრებულს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენელ ორ ინსტრუქტორთან ერთად. 

ინგლისური ენის შესწავლის ორციკლიანი კურსი, სამოქალაქო განათლებისა (24) და კომპიუტერული ტექნოლოგიების (24) მასწავლებელთათვის (თებერვალი - ოქტომბერი 2018) ექვს თვეს გასტანს და გორში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“, ხოლო ახალციხეში,  ახალციხის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდება.

გაწვრთნილი ინსტრუქტორები სატრენინგო მასალებად გამოიყენებენ  Pearson-ის გამომცემლობის სახელმძღვანელოებს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის შექმნილ კურიკულუმს და ონლაინ რესურსებს. ინგლისური ენის ინსტრუქციები, სირთულის მიხედვით, ორ ციკლად გადანაწილდება. პირველის ციკლში მონაწილეები A2 დონეს (საკლასო ინსტრუქციების გაგება ინგლისურად ) მიაღწევენ, მეორე ციკლის ბოლოს კი B1 დონეზე იქნებიან (კომფორტულად იგრძნობენ თავს ინგლისურად მოისმინონ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ტრენინგი ინტეგრირებული გაკვეთილების თემატიკით პროგრამის განხორციელების მეორე ეტაპზე).

პროგრამის განხორციელების მეორე ეტაპზე  ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ცენტრი (ELC) დაიქირავებს და გაწვრთნის ორ ამერიკელ სპეციალისტს, რომელიც მთელის წლის განმავლობაში ითანამშრომლებს PH International-თან და გაწვრთნილ ინსტრუქტორებთან. ზემოთხსენებული ამერიკელი სპეციალისტები შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 24 სკოლიდან შერჩეულ 72 მასწავლებელთან (24 სამოქალაქო განათლების, 24 ინგლისურის და 24 კომპიუტერული ტექნოლოგიების) მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ და მათ ინტეგრირებული სწავლის მეთოდების გამოყენებით გაკვეთილების ჩატარებაში გაწვრთნიან.
 30 კვირის განმავლობაში (2018 წლის ნოემბრიდან, 2019 წლის ივნისამდე) სულ ხუთი სრულდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩატარდება. სწავლების მთავარი ფოკუსი სამოქალაქო განათლების ისეთი თემები იქნება, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით შეიძლება  კომპიუტერული პროგრამირების, ინტერნეტ სივრცის გამოყენების უნარ-ჩვევების, ვებდიზანის, საბაზისო კოდირებისა და სხვა კომპიუტერულ-ტექნოლოგიური უნარჩვევების გამოყენება ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისა და საქართველოში დემოკრატიული სტრუქტურების გაძლიერებისათვის. სატრენინგო კურსი ინგლისურ ენაზე წარიმართება და თვის ერთ-ერთ შაბათ-კვირას ჩატარდება.

ყოველი სემინარის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანონ. ისინი, ამერიკელი სპეციალისტების და პროგრამის პირველ ფაზაში გაწვრთნილი ადგილობრივი ინსტრუქტორების ზედამხედველობით თავიანთ სკოლებში ინტეგრირებულ გაკვეთილებს ჩაატარებენ და მიიღებენ როგორც ზეპირსიტყვიერ, ასევე წერილობით პერსონალიზირებულ უკუკავშირს. საბოლოოდ, ყველა ეს პროცესი ხელს შეუწყობს  ინტეგრირებული სწავლების მეთოდების დანერგვას  სკოლებში.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში შეირჩა 24 სკოლა (12-12 სკოლა თითოეულ რეგიონში). სკოლების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო მათი აქტიური და პროდუქტიული ჩართულობა PH International-ის მიერ განხორციელებულ წინა პროგრამებში : „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით“ (ELCE); „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა“ (ACETT) და „სამოქალაქო განათლების პროგრამა“ (MT).


Comments